პროექტის შესახებ

როგორ ხდება ნარჩენების გადამუშავება
ნარჩენების გადამუშავება არის ძველი, ნარჩენი მასალისგან ახალი პროდუქტის მიღების პროცესი. ნარჩენები ნაგავსაყრელზე დაწვის ნაცვლად, რაც თავის მხრივ გარემოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, ხელახლა იქცევა რესურსად და ხვდება მოხმარების სივრცეში. ამ პროცესით ნედლი მასალის გამოყენების საჭიროება იკლებს და, შესაბამისად, ინახება ბუნებრივი რესურსები. გარდა ამისა, ნარჩენების გადამუშავება ზოგავს პროდუქტის შექმნისთვის საჭირო ენერგიას, იცავს წყალსა და ჰაერს დაბინძურებისგან. შედეგად კი ვღებულობთ ჯანსაღ გარემოს.
ნარჩენების გონივრულად მართვას პოზიტიური გავლენა აქვს გარემოზე. ამ გზით ჩვენ ვიცავთ მას დაბინძურებისგან, ვზოგავთ დიდი რაოდენობით ენერგიას და ბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, ვინარჩუნებთ საქართველოს ულამაზეს ბუნებას.
ეკონომიკის ზრდასთან ერთად იზრდება პროდუქტებზე მოთხოვნილებაც. შესაბამისად, იზრდება ნარჩენების რაოდენობაც. რომლებიც საბოლოოდ, ნაგავსაყრელზე ხვდება და იწვება. ნარჩენების დაწვა აბინძურებს ჰაერს და მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. ნაგავსაყრელიდან ნივთიერებები ჟონავს მიწისქვეშა წყლებში და აბინძურებს მას. საბოლოოდ, ბინძურდება ნიადაგი და მცენარეები, რომლითაც ვიკვებებით; წყაროები, რომელსაც ვსვამთ და ტბები, სადაც ვცურავთ.
ნარჩენების გადამუშავებით მიღებული სარგებელი:
  • ამცირებს ნიადაგში ნარჩენების მოხვედრის ალბათობას
  • ინარჩუნებს ხის, წყლის, მინერალებისა და სხვა ბუნებრივი რესურსების მარაგს
  • ხელს უშლის დაბინძურებას
  • იზოგება ენერგია
  • მოსახლეობა თავისუფლდება დამატებითი ხარჯებისგან
  • მომავალ თაობებს უნარჩუნდებათ ჯანსაღი გარემო
ნარჩენების გადამუშავებასთან დაკავშირებული ფაქტები:
  • საოჯახო ნარჩენების 60%–ის გადამუშავება და ხელახალი გამოყენება შესაძლებელია
  • გადამუშავებული მასალიდან შექმნილი პლასტმასა ინახავს იმ ენერგიის 88%–ს, რომელიც საჭირო იყო გაზისა და ზეთისგან ახალი პლასტმასას დასამზადებლად
  • ბიოდეგრადაციისათვის პლასტმასას დაახლოებით 500 წელი სჭირდება
  • ერთი ტონა ქაღალდის გადამუშავება ინარჩუნებს 17 ხეს, 25 000 ლიტრ წყალს, 3 კუბურ მეტრ ნაგავსაყრელს, ორ ბარელ ზეთს და 4 000 კილოვატ ელექტროენერგიას
  • გადამუშავებული ქაღალდი იწვევს 73%–ით ნაკლებ ჰაერის დაბინძურებას, ვიდრე ნედლი მასალისგან დამზადებული ქაღალდი
  • მინისაგან დამზადებული ბოთლი ნიადაგში არ იშლება და რჩება სამუდამოდ
  • მინა 100%–ით ექვემდებარება გადამუშავებას და შესაძლებელია მისი ხელახალი, ისევ და ისევ გამოყენება
  • ტონაზე მეტი ნედლი ბუნებრივი რესურსი ინახება ყოველი ტონა გადამუშავებული მინის ხარჯზე



რა არის ნარჩენების გადამუშავება და რისი გადამუშავება შეგვიძლია?
ჩვენს მიერ გამოყენებული მრავალი პროდუქციის ნედლი მასალა ბუნებრივი რესურსებისაგან მიიღება. დღესდღეისობით მოსახლეობის ზრდასთან ერთად გაზრდილი მოხმარება ამ ბუნებრივი რესურსების შემცირებას იწვევს. ბუნებაში შეზღუდული რაოდენობით არსებული ამ რესურსების დასაცავად წარმოებაში ალტერნატიული მეთოდების გამოყენება გარდაუვალია. ამის ერთ-ერთი გზა კი ნარჩენების გადამუშავებაა.
ნარჩენების გადამუშავება, გარკვეული ნარჩენების სხვადასხვა ფიზიკური ან ქიმიური პროცედურების გავლით მეორად ნივთიერებად გადაქცევა და წარმოების პროცესში ისევ ჩართვა გახლავთ.
რკინა, ფოლადი, სპილენძი, ტყვია, ქაღალდი, პლასტმასი, ალუმინი, კაუჩუკი, მინა და მათი მსგავსები ის ნარჩენებია, რომელთა გადამუშავებაც შესაძლებელია. ასევე გადამუშავებისათვის ხელსაყრელია ელექტრო ნარჩენები, აკუმულატორები, ცხიმები. ამ ნარჩენების გადამუშავება და ისევ გამოყენება ბუნებრივი რესურსების ამოწურვას აღკვეთს.
ნარჩენების გადამუშავება ბუნებრივი რესურსების დაცვასთან ერთად ნედლეულის ხარჯებსა და წარმოებაში მოხმარებული ენერგიის რაოდენობას ამცირებს.
გადამუშავების კიდევ ერთი უპირატესობა გახლავთ გასანადგურებელი მყარი ნარჩენების რაოდენობის შემცირება. ამგვარად მცირდება ნარჩენების მიერ გარემოსათვის მიყენებული ზიანი და ხდება შესანახი სივრცის დაზოგვა.

ჯანსაღი გადამუშავების პირველი საფეხური ნარჩენების თავიდანვე დამუშავებაა. გადასამუშავებელი ნივთიერებების სხვა ნარჩენებთან არ შერევა და გადამუშავების ყუთების სწორად გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია.
ნარჩენების გადამუშავებით შესაძლებელია ბუნებრივი რესურსების დაცვა და ენერგიის დაზოგვა.

"გუდვილში" ნარჩენების დახარისხების პირველი კუთხე მოეწყო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ნარჩენების დახარისხების პირველი კუთხის პრეზენტაციას ჰიპერმარკეტ „გუდვილში“ USAID საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მარკ მიტჩელთან ერთად დაესწრო. პროგრამის - ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში (WMRT) ფარგლებში, თბილისის მოსახლეობისთვის „გუდვილის“ ცენტრალურ შესასვლელში განთავსდა ქაღალდის, ალუმინის ქილების, პლასტმასის ბოთლებისა და პოლიეთილენის პარკის დახარისხებული კუთხე.
"შეგროვებული ნარჩენი დასაწყობდება ჰიპერმარკეტში, რის შემდეგაც შპს „სუფთა სამყარო“ უზრუნველყოფს მის გადამუშავებას. პროგრამა- საქართველოს ორ რეგიონში კახეთსა და აჭარაში მიმდინარეობს, რომლის ფინანსური მხარდამჭერი აშშ -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოა (USAID). პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს, ადგილობრივ ბიზნესს, თემებსა და მუნიციპალიტეტებს ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის შემუშავებაში საქართველოს ორ სამიზნე რეგიონში - კახეთსა და აჭარაში. პროგრამის მნიშვნელოვანი მიმართულებაა ნარჩენების გადამუშავების კუთხით კერძო სექტორის გაძლიერება, რათა გაიზარდოს ცნობიერება და საზოგადოებამ დაიწყოს ნარჩენების დახარისხება.
ინიციატივა მნიშვნელოვანია ნარჩენების მდგრადი მართვის პროცესში საზოგადოების ჩართვისთვის, ასევე, ნარჩენების მართვის კოდექსის, ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და ეროვნული სამოქმედო გეგმის მიხედვით დაგეგმილი ცვლილებების განსახორციელებლად. პროექტს international Citi/Contry Management Associacion (ICMA) კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN -თან თანამშრომლობით ახორციელებს. ღონისძიებას USAID- ის, აშშ -ს საელჩოს, CENN -ისა და WMRT -ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ", - განმარტავენ გარემოს დაცვის სამინისტროში. 



კავკასიაში პირველი ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო მარნეულში გაიხსნა

მარნეულში გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმო გახსნეს.
საწარმო და ნაგავსაყრელი ერთ ჰექტარ მიწის ფართობზეა განთავსებული, სადაც აყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ორგანულ სასუქს, ე.წ. კომპოსტს დაამზადებენ. სასუქს ფერმერები ნიადაგის გასაფხვიერებლად გამოიყენებენ და ის სხვა სასუქზე უფრო ხელმისაწვდომ ფასად გაიყიდება.
„მქონდა საშუალება, რომ მსგავსი მეთოდი მენახა უცხოეთში და ვფიქრობდი, როდის დადგებოდა დრო, რომ ჩვენთანაც ხდებოდეს ორგანული ნარჩების გადამუშავება, გამოიყენებოდეს სასუქად - კომპოსტად. მოხარული ვარ, რომ ძალიან მალე ერთ-ერთი ასეთი საწარმოს გახსნაზე ვართ. ეს არის ინდიკატორი იმისა, რომ ქვეყანა ხდება უფრო ცივილიზებული და გარემოსდაცვითი. ეკოლოგიურად სუფთა სასუქით ნიადაგის გამდიდრება მხოლოდ სამ წელიწადში ერთხელ იქნება საჭირო, მაშინ როდესაც სხვა მინერალური სასუქების გამოყენება ყოველწლიურად აუცილებელია," - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
ახალი საწარმო გერმანიის ქალაქ ვიცენჰაუზენში არსებული საწარმოს ანალოგია. მისი მუშაობის ტექნოლოგიას ქართველი სპეციალისტები გერმანიაში ყოფნისას გაეცნენ.
„ორგანული ნარჩენი აბინძურებდა ჩვენს ბუნებას და მიწისქვეშა წყლებს. დღეიდან მას გამოვიყენებთ, რომ მივიღოთ ბიო-სასუქი, რომელიც დაეხმარება ჩვენს ფერმერებს, მიიღონ ბიოლოგიურად სუფთა მოსავალი," - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.
საწარმოს მშენებლობა გასული წლის თებერვალში დაიწყო. ქართულ მხარეს სპეციალისტების გადამზადებაში გერმანელი ექსპერტები დაეხმარნენ.
ქარხანა აშენდა ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში -„ნარჩენების მართვა ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის (ENPI) აღმოსავლეთ ქვეყნებში".

ნარჩენების მართვა და გარემოსდაცვითი სტრატეგიები


მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები უკვე მრავალი წელია ცდილობენ ნარჩენების პრობლემის გადაწყვეტას და ნარჩენების მართვის სფეროში მუდმივად ახალ ტექნოლოგიებს გვთავაზობენ.
2005 წელს, იაპონიაში ოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია 3R-ის ინიციატივის დანერგვასთან დაკავშირებით. მომდევნო წლის მარტში (2006 წელი) ქ. ტოკიოში, მსოფლიოს 20-ზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენელი 3R-ის ინიციატივის განსახილველად შეიკრიბა. შეხვედრაზე მიიღეს რეზოლუცია, რომელიც შეხვედრაში მონაწილე ქვეყნების მთავრობებს და დაინტერესებულ მხარეებს ავალდებულებს ხელი შეუწყონ 3R-ის ინიციატივის დანერგვას ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე, ასევე მის პოპულარიზაციას მსოფლიოში. დღეისათვის 3R-ის ინიციატივა საფუძვლად უდევს ნარჩენების მართვის ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებს მსოფლიოში.
ტერმინი – 3R შესაბამისი სამი სიტყვის (ანუ იმ სამი ქმედების) პირველი ასოების ერთობლიობას წარმოადგენს, რომელიც ყველაზე მთავარია ნარჩენების მართვის პროცესში. ესენია: Reduce – შემცირება; Reuse – ხელახალი გამოყენება; Recycle – რეციკლირება ანუ გადამუშავება.
ნარჩენების შემცირება (Reduce) გულისხმობს, ნაკლების ყიდვას და შესაბამისად ნაკლების მოხმარებას. ნარჩენების შემცირება არის პროცესი ან პოლიტიკა, რომლის დროსაც ხდება ცალკეულ ადამიანთა ან მთლიანად საზოგადოების მიერ წარმოქმნილი ნარჩენების რაოდენობის შემცირება. სხვანაირად რომ ვთქვათ, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შევიძინოთ ოპტიმალური რაოდენობის როგორც პროდუქტი, ასევე სხვა საქონელი, რითაც თავიდან ავიცილებთ ნარჩენების წარმოქმნას. ნარჩენების შემცირების გარდა, ამ პროცესში ასევე იგულისხმება მოხმარებული ენერგიისა და რესურსების შემცირებაც.
ნარჩენების ხელახალი გამოყენება (Reuse) გულისხმობს უკვე მოხმარებული ნივთების მეორად გამოყენებას. ეს შეიძლება იყოს ნივთების იგივე ან სხვა დანიშნულებით გამოყენება. საჭირო და კარგ მდგომარეობაში მყოფი ნივთების გაცვლა ან ხელახალი გამოყენება, მათი ტექნოლოგიური გადამუშავების გარეშე ზოგავს დროს, ფულს, ენერგიას და რესურსებს. ხელახალი გამოყენების კლასიკური მაგალითებია: მინის ბოთლების ჩაბარება საწარმოში, სადაც მას ხელახლა იყენებენ პროდუქციის ჩამოსასხმელად, ავტომობილების და მათი ნაწილების ხელახალი გამოყენება, მეორადი ტანსაცმლით სარგებლობა და სხვა.
ნარჩენების რეციკლირება, ანუ გადამუშავება (Recycle) ნარჩენების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების მთავარ კომპონენტად ითვლება და გულისხმობს გამოყენებული ნივთის ან ნარჩენის ტექნოლოგიურ გადამუშავებას სხვა პროდუქტად. ამ კომპონენტს უდიდესი ყურადღება ექცეოდა საერთაშორისი დონეზე ჯერ კიდევ, 3R-ის ინიციატივის დანერგვამდე. რეციკლირების შედეგად მცირდება ნედლი მასალის ან რესურსის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, ზოგავს ენერგიას, ამცირებს ჰაერისა და წყლის დაბინძურებას (ნაგავსაყრელებიდან) და ა.შ. დღეისათვის ფართოდ მოხმარებული ნივთების უმეტესობა გადამუშავებას ექვემდებარება. 2003 წელს ევროკავშირში მიღებულია სპეციალური კანონი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს ავალდებულებს დაახარისხონ კონკრეტული 7 სახის ნარჩენი და გააგზავნონ ისინი შესაბამის ადგილებში რეცილკირებისთვის. ეს მასალებია: ალუმინი, მუყაო, მინა, ქაღალდი, პლასტმასი, ფოლადი, ხის ნაკეთობა.
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ლიტერატურაში სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება ტერმინი 4R. რაც გულისხმობს მეოთხე პრინციპს – შეცვლას (Replace), რომელიც მოგვიწოდებს შევცვალოთ პოლიეთილენის პაკეტები ქაღალდით, პლასტმასის ბოთლები და ჭურჭელი – მინის ჭურჭლით, არ გამოვიყენოთ ერთჯერადი მოხმარების საგნები და ა.შ. სამწუხაროდ, 3R-ის ინიციატივის წარმატებით შესრულების დროსაც კი რჩება ისეთი ნარჩენები, რომლებსაც ვერც გადავამუშავებთ და ვერც ხელახლა გამოვიყენებთ. ამიტომ ნარჩენების მართვაში, 3R-ის გარდა, დამატებითი კომპონენტებიც არსებობს. ყველა ეს კომპონენტი ერთად აღებული ქმნის, ე.წ. “ნარჩენების იერარქიას”, რომლის საფუძველი მაინც 3R-ის ინიციატივაა.
,,ნარჩენების იერარქიის” მთავარი ამოცანაა, ნარჩენების მართვის შედეგად ადამიანებმა მივიღოთ მაქსიმალური პრაქტიკული სარგებელი და მინიმალური ზიანი მივაყენოთ გარემოს. დღეისათვის ნარჩენების იერარქიის ევროპული მოდელი 5 ძირითადი კომპონენტისაგან შედგება: 1. შემცირება; 2. ხელახალი გამოყენება; 3. გადამუშავება; 4. ნარჩენების გარდაქმნა ენერგიად და 5. ნარჩენების განთავსება.
ნარჩენების იერარქიის მოდელს ამობრუნებული პირამიდის სახით გამოსახავენ. პირამიდის თავში მოთავსებულია ყველაზე მნიშვნელოვანი და სასურველი ქმედება – შემცირება, შემდეგ მეორე პრიორიტეტი – ხელახალი გამოყენება, გადამუშავება და ა.შ. ნარჩენების მდგრადი მართვის მოდელი სქემატურად ასე გამოისახება.



ნარჩენების გადამუშავების ქართული პრაქტიკა



საქართველოში სამი ერ-ის პრინციპის ცხოვრების წესად დამკვიდრება სახელმწიფო პოლიტიკა არასდროს ყოფილა, თუმცა არცთუ შორი წარსულის გადახედვისას რეციკლირებისა თუ ხელახალი გამოყენების არაერთ მაგალითს გავიხსენებთ. ბოთლებისა და ქილების ჩაბარება, მეორადი ტანსაცმლის შეძენა თავისუფლად თავსდება ხელახალი გამოყენების პუნქტში. რაც შეეხება რეციკლირებას, ლუდის ქილებისგან ჭრაქების დამზადება, დაღვენთილი სანთლის გადადნობა, ე.წ ჯართისა თუ მაკულატურის ჩაბარება საქართველოში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
მე-20 საუკუნის ბოლოს ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ აქტივობას სარჩულად სოციალური სიდუხჭირე ედო. ეკონომიკის ზრდის პროპორციულად გარემოზე ადამიანების უაზრყოფითი ზემოქმედებაც მატულობს, თუმცა ამის გასაცნობიერებლად ორი დეკადა ხშირად არაა საკმარისი. შესაძლოა დღეს ერთი და იგივე სამოსის ხანგრძლივად ტარება არცთუ მოდური იყოს, თუმცა მწვანე მუდმივად ტენდენციური ფერია, მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობენ პარიზსა და მილანში.


საქართველოში ელექტრონული ნარჩენების გადამუშავების კამპანია იწყება

„ენვიროსერვის“ მიერ  წარმოებული ინიციატივის ფარგლებში, საქართველოში ელექტორნული ნარჩენების გადამუშავების კამპანია იწყება.მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში, უნივერსიტეტებსა და ადმინისტრაციულ შენობებში, ელექტრონული ნარჩენების შეგროვებისთვის, 300–მდე ყუთი განთავსდება.კომპანია უზრუნველყოფს აღნიშნული ოპერაციის მართვას, ელექტრონული ნარჩენების მიღებაში თანამშრომლების სწავლებას და მოაგვარებს კამპანიის ლოგისტიკურ საკითხებს.შემდგომი ნაბიჯი იქნება ყუთების დაცლა, ნარჩენების კონტეინერებში მოთავსება და დუბაიში გაგზავნა, სადაც მოხდება მათი გადამუშავება. 
ასევე, კომპანიის მიერ შემუშავდება ე. წ. „მწვანე ანგარიში“ რომელიც პერიოდულად გაეგზავნება სამთავრობო ორგანიზაციებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს. კომპანია აგრეთვე გეგმავს ჩამოაყალიბოს ამ სექტორში სახელმწიფოსა და კერძო კომპანიებს შორის თანამშროლობა, რათა წარმოაჩინოს  საქართველოს სწრაფვა შესაბამისობაში მოვიდეს სავალდებულო ევროპულ რეგულაციებთან გარემოსდაცვით სფეროში.
ამას გარდა, კომპანია გეგმავს:
  • ელექტრონული ნარჩენების ეროვნული კამპანიის დაწყებას, რომელიც გულისხმობს ელექტრონული ნარჩენების შესაგროვებელი პუნქტების ორგანიზებას საქართველოში საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ ადგილებში.
  • აღდგენილი ფრეონის/პლასტიკის/ლითონებისა და სხვა მასალების გადამუშავებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების კუთხით საქმიანობის დაფინანსებას და განხორციელებას.
  • საქართველოს განვითარებას და მასში ინვესტიციების განხორციელებას, რათა იგი გახდეს ელექტრონული ნარჩენების გადამუშვების რეგიონული ცენტრი.
  • თბილისში გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას.
კომპანია „ენვიროსერვი“– ის სათაო ოფისი დუბაიში მდებარეობს. კომპანია ელექტონული ნარჩენების შეგროვება/გადამუშავებაში 2005 წლიდანაა ჩართული. 2016 წელს „ენვიროსერვმა“ დააარსა ლიცენზირებული კომპანია “ენვიროსერვი – საქართველო“, რითაც მან დააფიქსირა თავისი სურვილი დაიწყოს საქართველოში ელექტორნული ნარჩენების შეგროვება და შემდგომი გადამუშავება.
კომპანია მხარს დაუჭერს ადგილობრივ ეკონომიკას დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნით, დაეხმარება საქართველოს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაში, განახორციელებს საინფორმაციაო კამპანიას ელექტრონული ნარჩენებისა და მათი დამუშავებისა, ასევე ამ პროცესის გარემოსდაცვითი ასპექტების შესახებ.


გარდაბანში ქარხანა შენდება, რომლის მიერ გადამუშავებული ნაგავი ექსპორტზე გავა
2018 წელს, გარდაბანში, ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა გაიხსნება, რომელიც თბილისში, თბილსერვისჯგუფის მიერ შეგროვებული ნაგვის სრულ მოცულობას გადაახარისხებს და გადაამუშავებს.
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი, ლადო კილასონია On.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ქარხნის მშენებლობა დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება.
ქარხანას შპს კა დე ვე ჯორჯია ააშენებს, რომელიც ინტერესის გამოხატვის დოკუმენტის საფუძველზე გამოვლინდა. მონაწილეობა სულ 13-მა კომპანიამ მიიღო, მათ შორის იყო როგორც ქართული, ისე უცხოური კომპანიები.
უწყებათაშორისმა კომისიამ ქართული კომპანია, შპს კა დე ვე ჯორჯია გამარჯვებულად გამოავლინა.
"მასთან გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, გამარჯვებულს უნდა წარმოედგინა გარემოზე ზემოქმედების ანგარიში და მშენებლობის ნებართვა. კა დე ვე ჯორჯიამ კეთილმოწყობის სამსახურს ორივე დოკუმენტი უკვე წარუდგინა და ახლა ხელშეკრულებაზე მუშაობას ვიწყებთ, რომელიც, დაახლოებით, 30-40 დღეში გაფორმდება, რის შემდეგაც მშენებლობების ეტაპი დაიწყება" - ამბობს ლადო კილასონია.




No comments:

Post a Comment